თეონა ჭალიძე: “6 წლის წინ დადგენილი ტარიფი, ერთ ბენეფიციარზე 1.18 ლარი, აუცილებლად უნდა გაიზარდოს”

ქუთაისში, სურსათის უვნებლობის სააგენტომ, არაერთი დარღვევა და სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა სოციალურად დაუცველთა სასადილოში,  რის შედეგადაც სასადილო დახურა. პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ყურადღებას ამახვილება ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნავს:

“ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური ფონიდან გამომდინარე მაღალია და სანამ საჭიროება არსებობს, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ სასადილოებით. ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში არის პრობლემები. არაერთხელ არიან დაჯარიმებულნი სხვა სასადილოებიც, თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. საჭიროა ამ პროგრამის განახლება, დახვეწა და ბენეფიციარების ინტერესებზე მორგება. შეუძლებელია 6 წლის წინ დადგენილი ტარიფი, ერთ ბენეფიციარზე 1.18 ლარი, არ გაიზარდოს.

“ახალი საქართველოს” სოციალურმა სამსახურმა ბენეფიციარებთან კომუნიკაციის შედეგად ინიციატივა შეიმუშავა, რომელსაც ათასობით ბენეფიციარი აწერს ხელს, თუმცა რეაგირება ჯერ არ ჩანს. კერძოდ, ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბენეფიციარებს, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახში თავად მოიმზადონ სადილი, ყოველთვიურად ჩაერიცხოთ მათ კვებაზე გამოყოფილი თანხა და ისინი თავად უზრუნველყოფენ საკუთარი გემოვნებით სადილის მომზადებას, ამის მსურველია ათასობით ბენეფიციარი. ხოლო მათთვის, ვისაც თავად არ შეუძლია სადილის მომზადება, მხოლოდ მათზე მორგებული ტენდერი გამოცხადდეს. აუცილებელია ტენდერი კვებითი მომსახურეობის მქონე მოქმედი ობიექტებისთვის მიმზიდველი პირობებით გამოცხადდეს, რომ ბენეფიციარებმა ცივილიზებულად, დაფასოებული მიიღონ ულუფა. ეს შეამცირებს ფართის ქირის, სახელფასო ფონდისა და სხვა ხარჯებს. შესაბამისად ამ დანაზოგის ხარჯზე შესაძლებელი იქნება უშუალოდ საკვების ხარისხის გაზრდა და მოლოდინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების ჩართვაც ამ პროგრამაში” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *