ნანა ტოხვაძე: “ბოროტების გაანალიზება, მასზე გამარჯვების დასაწყისია, მაგრამ მოქმედების დროა!”

ეროვნული გამოცდების დაწყებას და ამ სფეროში შექმნილ პრობლემებს ეხმაურება “ახალი საქართველოს” საერთაშორისო, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე:

“წელს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მე-14 ჯერზე ტარდება და მთელი ივლისი გასტანს. თუმცა, განათლების სამინისტროს ინიცირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა წელსაც, საპილოტე პროექტად მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება მიიჩნია მიზანშეწონილად. რატომ საპილოტე? მიზეზთა ჩამონათვალი, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვაა გამოცდებში ჩართული ყველა პირის მიმართ. შექმნილი უკმაყოფილების ფონზე გამოსავალიც სწრაფად იპოვეს, თან უბრალო საქმე კი არაა, პრემიერ მინისტრის დონეზე გავლილი საკითხია!  სისხამ დილით, 8:00 საათზე მობრძანდით და სიგრილეში ჩააბარეთო!

ამდენად, ჩვენს ქვეყანაში უცნაურად ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები. საგამოცდო განრიგი უცაბედად იცვლება იმ წუთიდან, როცა „მზრუნველი პრემიერის“ ყურამდე მივიდა გამაგრილებელი სისტემების არარსებობის პრობლემა, თორემ, აქამდეც ხომ დააფაცურებდა ქვედა რგოლს, მაგ. განათლების სამინისტროს, მის დაქვემდებარებულ უწყებებს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ა.შ. პრემიერზე ზრუნვის მოტივით მაინც დაევალებოდათ, არ შეექმნათ უხერხულობა „ახლადგამომცხვარი“ პირველი პირისთვის. აბა, აბიტურიენტი-სტუდენტი-მასწავლებელი-ადმინისტრაცია და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ვის ადარდებს!!! სინამდვილეში კი, ლოგიკა არ არის საკმარისი იმისთვის რომ რაიმე სოციალური პროცესის პროგნოზირება შეძლო. საჭიროა ასევე სხვების გამოცდილების შესწავლაც, ბიუჯეტის დაგეგმვა და განაწილება ისე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2012 წლიდან დღემდე გაორმაგებული ბიუჯეტის პირობებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-14 ცდაზე შეესრულებინა შრომის კოდექსში არსებული მთელი რიგი კანონები, რომლებიც აშკარად არეგულირებენ სამუშაო პირობებს ტემპერატურაზე, კერძოდ, კონკრეტული პარამეტრია “ოპტიმალური პირობები”. რაც შეეხება, ოპტიმალური ჰაერის ტემპერატურას, ეს არის კომპლექსური ფიზიოლოგიური კვლევებისა და გათვლებით განსაზღვრული ღირებულება საშუალო ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოთახში 32.5 გრადუსზე მუშაობა დასაშვებია მხოლოდ ერთი საათით!

ჩვენის მხრივ, წარმატებას ვუსურვებთ ყველას, აბიტურიენტებს, გრანტის გაუმჯობესების მსურველებს, მაგისტრანტობის პრეტენდენტებსა და მასწავლებლებს, რომლებიც სამწუხაროდ, 2018 წელსაც გაუმართავი და მოუქნელი განათლების პოლიტიკის პირობებში აპირებთ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დადასტურებას” – აცხადებს ნანა ტოხვაძე

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *