გიორგი ვაშაძის ბრიფინგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში

“ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ჩვენი პოლიტიკური პარტია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება ქვეყანაში და პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ხელს აფარებდა დამნაშავეებს”.
“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებას ახდენს და განცხადებით მიმართავს საზოგადოებას:

“გუშინ ჩვენ ვნახეთ “ქართული ოცნების” და მისი ხელისუფლების აღვირახსნილი და კანონგარეშე ქმედებები, მთელი დღის მანძილზე. მე ეს ქმედებები შემიძლია სამ ძირითად ნაწილად დავყო:

პირველი – ეს იყო საგანგაშო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ზაზა სარალიძის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის თავში, ფაქტობრივად, მოიცავდა მუქარას ამ ადამიანთან მიმართებაში. მე მინდა გავაფრთხილო შსს – თქვენი ვალდებულებაა თითოეული აქციაზე მყოფი ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მათ შორის, ზაზა სარალიძის უსაფრთხოების დაცვა. ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ნუ გადადგამთ რაიმე კანონგარეშე ქმედებას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ, ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენ, ეს არის სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციები პასუხს უნდა აგებდნენ ადამიანების უსაფრთხოებაზე.

მეორე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მიდიოდა გუშინდელი  დღის მანძილზე, ეს იყო ტყუილი, შანტაჟი, დაშინება და პირდაპირ მიგზავნილი ადამიანები, იყო ეს ზაზა სარალიძესთან თუ აქციის  ორგანიზატორებთან თუ სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებზე არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება აწყობილი, რაც არის კანონგარეშე. მე მინდა მოვუწოდო ყველა სამართალდამცველს – იცოდეთ, რომ თქვენი ვალდებულებაა ხალხის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესის გატარება და არა “ქართული ოცნების” ლიდერების დავალების შესრულება. მოსმენა, თვალთვალი, შანტაჟი, დაშინება – ეს არის აბსოლიტურად კანონგარეშე ქმედებები, რასაც თქვენ სჩადიხართ და მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ეს და ნუ განაგრძობთ “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ამ უკანონო დავალებების შესრულებას.

და მესამე – ეს იყო აღვირახსნილი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელი დღის მანძილზე სოციალური ქსელებით თუ სხვადასხვა მედის საშუალებებით ვრცელდებოდა საინფორმაციო ველში, რომ გარკვეული იარლიყების მიკერებას ცდილობდნენ პერსონალურად შვილმკვდარ მამაზე თუ აქციის ორგანიზატორებზე. მეგობრებო გრცხვენოდეთ, დღეს საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის, ყველამ ძალიან კარგად იცის, რატომ გამოდის ეს ხალხი გარეთ და ნუ შეეცდებით ამ ბინძური ინფორმაციების ტირაჟირებას საქართველოს მასშტაბით. მე მინდა მივმართო ჟურნალისტებს, ნუ გაიმეორებთ, ძალიან გთხოვთ, იმ ცრუ ინფორმაციებს, რომელსაც “ქართული ოცნება” სუსის მეშვეობით ავრცელებს მთელი, დღის მანძილზე, ნურც ისაუბრებთ ამ თემებზე და ნუ მივაყენებთ ამ ადამაინებს შეურაცხყოფას, ვინც იკრიბებიან რუსთაველზე.

ჩვენ დავინახეთ საოცარი ენერგეტიკა ახალგაზრდების,  რომლებიც მართლაც გულწრფელად გვერდში უდგანან ზაზა სარალიძეს, რომლებიც ძალიან მარტივ რამეს ითხოვენ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში და ბოლოს, მე ბოლომდე ვუერთდები იმ მოთხოვნებს, რაც დღეს აქვს ზაზა სარალიძეს. მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი დღეს აქ შექმნილი კრიზისული სიტუაციებიდან, რაც უფრო დიდხანს გაწელავთ თქვენც ქმედებებს, იცოდეთ რომ მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს საზოგადოება თქვენგან. ნუ დაუპირისპირდებით, “ქართული ოცნების” ყველა წევრს მივმართავ, ნუ დაუპირისპირდებით ხალხის ძალას, ნუ წახვალთ ხალხის ნების წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ პასუხი აგოთ ამ ყველაფერზე. ჯერ კიდევ გვიანი არ არის და ნუ ჩაყვებით თქვენს ლიდერებს იმ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც ბოლო დღეების მანძილზე ხდება ქვეყანაში და რაც ბოლო წლების მანძილზე ხდება ქვეყანაში.

“ქართული ოცნება” დამთავრებულია, დამთავრებულია თუნდაც იმ აგონიური ქმედებებიდან ჩანს, რასაც ისინი აკეთებენ, ამ ბინძურ ინფორმაციებს, რასაც თქვენ ავრცელებთ და ბეჭდავთ, იცოდეთ, არავინ ამაზე არ აგყვებათ და ამის პასუხი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც გუშინ რუსთაველზე მოვიდა მიუხედავად ამ სიბინძურისა, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი დრის მანძილზე. გონს მოეგეთ, ხალხო, საქართველოში დადგა დროს, როცა ხელისუფლება უნდა პასუხობდეს ხალხს, ეს უნდა გვესმოდეს აბსოლუტურად ყველას და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხის ნების წინააღმდეგ, აუცილებლად მას ხალხი გაისტუმრებს სახლში. მშვიდობიანი, ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების გარეშე, ხალხი მას გაისტუმრებს სახლში. ჩვენი ვალდებულებაა, დავდგეთ ზაზა სარალიძის გვერდით და ყველა მოთხოვნას, რასაც ის გააჟღერებს, ყველა ამ მოთხოვნას მე პირადად და მთელი ჩვენი გუნდი, ვუდგავართ გვერდით.

ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ჩვენი პოლიტიკური პარტია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება ქვეყანაში და პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ხელს აფარებდა დამნაშავეებს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, შოთაძით ვერ დამთავრდება ეს საქმე, იმიტომ რომ შოთაძე მოქმედებდა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების სახელებით, რომლის სახელებიც თვითონ მან უნდა დაასახელოს  და რაც მთავარია, მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს და მე ვუერთდები ამ მოთხოვნაში, ამ მართლაც გმირ ადამიანს, რომელიც ამ საშინელ ფსიქოლოგიურ წნეხს უძლებს თქვენთან (ქართულო ოცნების ლიდერებს მივმართავ ამ შემთხვევაში!).

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *