ნანა ტოხვაძე: “საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევების მაჩვენებლები კატასტროფულია”

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე, 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებს ეხმაურება:

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პროგნოზი მე-11 კლასის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართლდა. პროცენტული მაჩვენებლებით მე-11 კლასის ჩაჭრილ მოსწავლეთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე დამამთავრებელი კლასის, რადგან საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევების მაჩვენებლები კატასტროფულია, როგორც სახელმწიფოს შიდა შეფასებით, ასევე საერთაშორისო კვლევების მონაცემებით. თუ ბოლო ათწლეულის დინამიკას გადავხედავთ, სახელმწიფოს მხრიდან მონაცემები არ გაანალიზებულა და არც ქმედითი ნაბიჯები გადადგმულა განათლების სფეროში.

2018 წლის საატესტატო გამოცდები მე–11 კლასის მოსწავლეებმა ოთხ საგანში (გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში) გამარტივებული პროგრამითა და ფორმატით (მინიმალური ბარიერის გადალახვა) უკვე ჩააბარეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები რთული არ იყო:

  • მე–11 კლასის გეოგრაფიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 2% ჩაიჭრა;
  • ბიოლოგიაში – 5%;
  • ფიზიკაში მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა დაახლოებით 13%-მა ვერგადალახა;
  • 15 ივნისს, ბოლო გამოცდა ქიმიაში, მოსწავლეთა 6% ვერ ჩააბარა.

რაც შეეხება, “ახლადგამომცხვარი” პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, განათლების სფეროს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე და მის პრიორიტეტულობაზე, დიდად ვერ დაგვაიმედებს, რადგან ის, იმ გუნდს წარმოადგენს, რომლისთვისაც „რეფორმები” პოლიტიკურ განცხადებებად ჟღერდება და განცხადებადვე რჩება. ხოლო, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის პუნქტებად ჩამოთვლილი პრიორიტეტები ვერ რეალიზდება და შედეგებზე ნაკლებადაა ორიენტირებული.” – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *