პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს”

“ხელისულების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია”. საქართველოში არჩენების სპეციფიკაზე საუბრობს “ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი:

„საქართველოში არჩევნებში წარმატება მიიღწევა არა რეალური კონკურენციით, აზრებისა და იდეების პროგრამების შეჯიბრით, არამედ დიდი ოდენობით არადეკლარირებული შავი ფულის, ადმინისტრაციული რესურსის და საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით. გადამწყვეტ როლს საარჩევნო შედეგის დადგომაში ასრულებს საინფორმაციო ველზე შეტევა და მასში ჩართულია როგორც ქართული, ასევე უცხო ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის საშუალებები, რაც ვნახეთ კიდეც 2012 წელს.

არჩევნების მიზნებისთვის ხელისუფლების სტრატეგიის მთავარი ღერძია ერთის მხრივ ამომრჩევლების “შეშინება” “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების ჰიპოტეტური საფრთხით, მეორეს მხრივ კი – პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია.

ანუ, ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს.

მაშინ, როცა ფინანსური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების თვალსაზრისით, დისბალანსი აშკარაა და პირდაპირ აისახება ბოლო 4 არჩევნების შედეგებზე. უცდომელად იძლევა, როგორც უბნებისა და ოლქების დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც “ახალი საქართველოს” კვლევებითაც დადასტურდა. ამ განცხადების მიზანი არ არის საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და არჩევნების მიმართ ნდობის დაკარგვა.

ჩემი მიზანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რა მასშტაბის მატარებელ მტრულ ძალასთან უწევს ბრძოლა. წარმატების მიღწევა მხოლოდ ძალების მაქსიმალური კონსოლიდირებითა და მიზანდასახული, გააზრებული საინფორმაციო კამპანიითაა შესაძლებელი, რადგან მოქალაქის არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტ უარყოფით ინფორმაციას იღებს ადამიანი X კანდიდატის შესახებ, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ამომრჩეველი სწორედ ამ X კანდიდატის სასარგებლოდ მისცემს ხმას” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *