ნანა ტოხვაძე: “როგორ წარმოედგინა ახალ პრემიერს განათლება მეცნიერების გარეშე?!”

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” საერთაშორისო, ჰუმანიტარულ და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე:

“შეგახსენებთ საქართველოს ახალი პრემიერის, ბ-ნი  მამუკა ბახტაძის პირველივე განცხადებას, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი განათლების ფუნდამენტური რეფორმირება იქნებოდა. ამ ფაქტს, უხალისოდ და ეჭვის თვალით, შეჰყურებდა საზოგადოების ნაწილი, რომლებსაც სკეპტიკოსების იარლიყი არ ასცდათ. მაგრამ, სწრაფადვე გაქარწყლდა იმედების მქონეთა მოლოდინები, რადგან სწორედ პრიორიტეტულ სფეროს და მიმართულებას მოუწია გამსხვილება იქამდე, რომ მივიღეთ გაუგებარი სტრუქტურა გრძელი სათაურითა და მოკლე შედეგებით – განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სადაც მეცნიერების ადგილი აღარ დარჩა! თუმცა, გუშინ, 5 ივლისს, საქართველოს პარლამენტის იურუდიული კომიტეტის სხდომაზე მეცნიერების, როგორც დასახელების ჩამატება გადაწყდა და მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე უკვე სრული დასახელებით ეყარა კენჭი.

გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა, პოსტ ფაქტუმ დაიწყო გაანალიზება, რომ განსაკუთრებით პრობლემური იქნებოდა:
1. მრავალფუნქციური სტრუქტურის სისტემური გამართვა და ფუნქციონირება;
2. ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროში გამოცდილებისა თუ მართვის მეტნაკლებად კარგი უნარების მქონე ხელმძღვანელის აღმოჩენა.

შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტების მეორე ეტაპიც გახანგრძლივდა და დამატებითი კონსულტაციების საჭიროება დადგა. ხოლო, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ-ფუნდამენტურმა რეფორმებმა უვადოდ გადაინაცვლა და ახალი პრემიერის განცხადებად და საზოგადოების მორიგ, “შეუსრულებელ ოცნებად” დარჩა.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც სხვა მიმართულებითაა. როგორ წარმოედგინა ახალ პრემიერს განათლება მეცნიერების გარეშე?! მით უფრო, როდესაც განათლების პოლიტიკის სისტემური არათანმიმდევრულობა, პოლიტიზირებული და ცენტრალიზებული გარემო კვლავ მანკიერ პრაქტიკად რჩება. ამდენად, სისტემური ხედვისა და სტრატეგიის დეფიციტი კიდევ უფრო გამოიკვეთება სამინისტროების გაუაზრებელი შემოერთება-გაერთიანების პირობებში. და თუ გავითვალისწინებთ მათ გაერთიანებამდე, ცალ-ცალკე აღებული სამინისტროების შედეგებსა და მიღწევებს, საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. რაც მთავარია, ამ ლაბირინთში კიდევ უფრო უკანა ფლანგზე გადაინაცვლებს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება, მათი უფლებები და უსაფრთხოება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკა, ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე, მშობელთა ჩართულობა, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სხვა მრავალი მიმართულება, რომელთა გამართულ მუშაობაზე ორიენტირება სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

ამრიგად, კიდევ ერთხელ რჩება ქაღალდზე გაწერილი სტრატეგიები თუ გეგმები, შეთანხმებული გრძელვადიანი კონცეფციები, რომელთა შემუშავებაში საერთაშორისო პარტნიორების, განათლების სფეროში დონორი ორგანიზაციების თუ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი შრომა  და ფინანსებია ჩაღვრილი. მათ შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი, განათლების გაორმაგებული ბიუჯეტი და სწრაფვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც დავუახლოვდებოდით განათლების სისტემის ევროპულ გამოცდილებას” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

Comments

comments

You May Also Like

One thought on “ნანა ტოხვაძე: “როგორ წარმოედგინა ახალ პრემიერს განათლება მეცნიერების გარეშე?!”

  1. სმწუხაროდ, სკოლა მალე უმასწავლებლოდ დარჩება. ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია ინტერესმოკლებულია დაუფასებლობის, დაუცველობის, უდიდესი შრომისა და მიზერული ანაზღაურების გამო 🙁

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *