დაფუძნდა “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”

რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შემდეგ, დღეს, 2018 წლის 16 ივლისს, 10 პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანების ინიციატივით პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” ჯერ კიდევ შარშან გამოვიდა და აგვისტოში შეიქმნა ოპოზიციური გაერთიანებაერთობა – ახალი საქართველო“.

“სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, აქტიურად ერთვება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი მოეწერა დეკლარაციას და ა.წ. 17 ივლისს, ქ. ქუთაისში, წარადგენს გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატს.

სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია

დეკლარაცია

საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების, მისი დღევანდელი მდგომარეობისა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციები გვიჩვენებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი, სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. დაუნდობელი რეალობა, რომელსაც საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო და საშინაო პრობლემები ქმნის, გვიჩვენებს, რომ შუალედური და შედარებით რბილი ვარიანტების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს და, შესაბამისად, ქვეყნის შემდგომი განვითარება მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს.

გზას, რომლითაც საქართველო დღეს მიდის, ჩიხისაკენ მივყავართ. ეს არის კარჩაკეტილობის, უამბიციობის, პერიფერიზაციის, დაქსაქსულობისა და უკუსვლის გზა. ამ გზაზე ქართული საზოგადოება ვერ შეძლებს მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და ამოცანების ადეკვატურ დანახვასა და შეფასებას. განვითარების ამ ვარიანტს მივყავართ მაფიოზურ-ოლიგარქიული ეკონომიკისა და რეპრესიული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრებამდე. თანამდროვე მსოფლიოს პირობებში ეს ნიშნავს ჩამორჩენილობისა და სიღარიბისთვის განწირულობას. ქვეყანა აღმოჩნდება უსუსურ მდგომარეობაში მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე, რაც გვემუქრება სახელმწიფო და ეროვნული განადგურებით.

მეორე გზა მომავლის, განახლებული საქართველოს მოდელით სვლას ნიშნავს. ის გულისხმობს ზემიზნის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებას, რომელსაც აქვ წარმატების ამბიცია. ამ შემთხვევაში საზოგადოება სწორად დაინახავს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, რეალურად შეაფასებს მის წინაშე მდგარ სასიცოცხლო საფრთხეებს, შეძლებს პატრიოტული სულისკვეთებით ქვეყნის ახალ, მაღალენერგეტიკულ მდგომარეობაში გადაყვანას, რაც ნიშნავს ინოვაციურ ეკონომიკას, ეფექტურ სახალხო სახელმწიფოს, ინტელექტის ხელისუფლებას ბიუროკრატიულის ნაცვლად და საქართველოს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა რიგში გასვლას. თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს ქვეყნის თანაბარ, მდგრად განვითარებას, კეთილდღეობას და წარმატებას ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.

ამრიგად, საქართველოს დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება გვკარნახობს უალტერნატივო ზემიზანს – ვიქცეთ ეროვნულ ერთობის იდეაზე დაფუძნებულ მოწინავე და ძლიერ სახელმწიფო, რომელიც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის!

ეროვნული, სამოქალაქო ღირსების გაძლიერება, ახლებურად გააზრებული პატრიოტიზმი, უნდა დაედოს საფუძვლად იმ ახალ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ასე სჭირდება დღეს საქართველოს.

საქართველოს ისტორიის წარმატებულ პერიოდებში, ჩვენი ერის თვითიდენტიფიკაცია, მისი ერთობა, ემყარებოდა ამაღლებულ რეალობებს – სახელმწიფო, ენა, მამული, სარწმუნოება და ა.შ. მით უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი და სიცოცხლისუნარიანი პოზიციის დაკავება თანამედროვე ეპოქაში.

ქართული ეთნოსის ისტორიული როლი ქართველი ერის ფორმირებაში ეჭვგარეშეა. რაც შეეხება თავად ქართველ ერს, ის ჩვენ განახლებული და წარმატებული ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი ყველა ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ერთობად უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მაკონსოლიდირებელი პლატფორმის საფუძველს.

ქ­­ართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილის გააქტიურება და მობილიზება, პასიური მდგომარებიდან აქტიურში გადაყვანა, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ავანგარდად გადაქცევა და ქვეყნის აღმშენებლობისათვის მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანას.

ბუნებრივია, რომ ქვეყნის განახლებისათვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ქვეყნის მასშტაბით თავისთავად ვერ განხორციელდება. ამისათვის, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ერთიანდება სამოქალაქო მოძრაობად, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის გზით ქვეყნის სათავეში მოსვლას, რათა მოახდინოს ქვეყანაში არსებული საუკეთესო საკადრო პოტენციალის სწორი და ოპტიმალური გადანაწილება გადამწყვეტ და მნიშვნელოვან პოზიციებზე.

„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“  წარმოადგენს  ქვეყნის განახლების იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ერთობას. მასში ჩართვით საქართველოს ნებისმიერ ნიჭიერ, ენერგიულ მოქალაქეს და მოქალაქეთა ჯგუფს ეძლევა საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად – ქვეყნის შემდგომ მართვასა და განვითარებაში.

ერთიანი ძალისხმევით საქართველოს გამარჯვებისკენ – ძალა ერთობაშია!

„სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია“ დაფუძნებელი წევრები:

  1. ახალი საქართველოსთვის – ნიკოლოზ ვაშაკიძე 
  1. ემსახურე საქართველოს – მურმან დუმბაძე 
  1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა 
  1. სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე 
  1. ქრიტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია 
  1. ერთიანი ნაცინალური მოძრაობა – ნიკანორ მელია 
  1. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის – ზურაბ ხარატიშვილი 
  1. ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე 
  1. საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძ 
  1. საქართველოს ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია

 

პირდაპირი ვიდეო ჩართვები

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *