ივანიშვილის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა და ემსახურება ერთი ადამიანის შიშებს და კაპრიზებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს და თავის მოსაზრებებს აფიქსირებ “ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

“ივანიშვილის განცხადება, რომ ქართულ ოცნებას თავისი კანდიდატი არ ეყოლება, არის პოლიტიკური ცრუ მანევრი, რომელმაც ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ოპოზიციური ძალების დეზორიენტირება, მოდუნება, ყურადღების გადატანა, ხოლო მეორე მხრივ, აიცილოს ხალხში არსებული მაღალი საპროტესტო მუხტიდან მომდინარე, მოსალოდნელი სახალხო მღელვარება.

ივანიშვილმა იცის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და გაერთიანებული, კონსოლიდირებული ოპოზიციის პირობებში მას არ შესწევს უნარი, მოსყიდვებისა და მანიპულაციებითაც კი, უზრუნველყოს არჩევნებში თავისი კანდიდატის წარმატება. შესაბამისად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ატარებს ე.წ. “ტრიუკს”, როდესაც თითქოს ერთი მხრივ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს კანდიდატი, მას არ გააჩნია ინტერესი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე აიცილოს მისი და “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის სამართლიანი გულისწყრომა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა, იგი არ გამომდინარეობს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან და ემსახურება ერთი ადამიანის შიშებს და კაპრიზებს“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *