გიორგი ხაბურზანია: “როგორც WINDOWS-ს სჭირდება გადაყენება, როცა პროგრამები აურევს, ისე სჭირდება ხელისუფლებასაც, როცა ვერ მუშაობს და აურევს!”

2030-მდე საქართველო გაქრება, ასეთი განვითარების ტემპით და მმართველობის შედეგად, აღნიშნავს “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი, გიორგი ხაბურზანია და შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს:

“ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება ნიშნავს იმას რომ ისინი საკუთარ სამშობლოში პერსპექტივას ვერ ხედავენ. მეც ახალგაზრდა ვარ და გული მწყდება, როცა ჩემი თანატოლები და მეგობრები მიდიან ქვეყნიდან იმის გამო, რომ ორი კაპიკი იშოვონ და ოჯახები არჩინონ. საშინელი შეგრძნებაა როცა უპერსპექტივობის განცდა გიპყრობს.

ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ დაცლილია ყველანაირი შესაძლებლობისა და უნარისგან, რითაც შეიძლება მათ დაანახონ ხალხს, რომ ისინი შექმნიან ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, ახალგაზრდებს ქვეყანაში დარჩენის ინტერესს შეუქმნიან.

იმ ტემპებით და მმართველობის სტილით, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია არის კატასტროფული! წარმოიდგინეთ, 6 წელია ხელისუფლებაში არიან და ერთი რეფორმაც არ გვახსენდება, რომელიც ქართულ ოცნებასთან ან რომელიმე პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება.

6 წელი ქვეყნის სტაგნაციის გარდა არაფერი გვესმის.

ეს არის იდეებისგან დაცლილი ხელისუფლება, რომელმაც არ იცის როგორ უნდა უშველოს ქვეყანას, როგორ განახორციელონ რეფორმები, როგორ აღმოფხვრან კორუფცია, რომელიც მათი საფირმო ნიშანი გახდა, როგორ გახადონ სასამართლო სანდო, რომ ქვეყანაში არ იყოს შერჩევითი სამართალი, როგორ შექმნან დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და არ გვქონდეს ასეთი უსახო პროკურატურა, როგორიც დღეს გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი პრობლემაა, თავისი სტატუსით – ვგულისხმობ მილიარდერობას და არაფორმალურ მართვას, რაც, თავის მხრივ, სერიოზული პრობლემაა პოტენციური ინვესტორისთვის. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ინვესტორის ადგილზე, რომ ხელისუფლებასთან ან მინისტრებთან კი არ ათანხმებ კონკრეტულ საკითხებს და მათთან კი არ გიწევს ურთიერთობა, არამედ არაფორმალურ მმართველთან, რომლის დაქვემდებარებაშია ყველაფერი – სასამართლო, პროკურატურა, შსს, სუს-ი და რომელსაც, როცა მოუნდება, მაშინ შეიძლება შეგიქმნას პრობლემა, წამოიწყოს საგამოძიებო პროცესი შენი საქმიანობის მიმართ, გაგაკოტროს, დაგიყადაღოს ქონება და ა.შ.

ეს თუ არ დასრულდა, ჩვენ ქვეყანას განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის შანსი უბრალოდ არ აქვს.

გამოსავალი არის მხოლოდ ერთში, როგორც WINDOWS-ს სჭირდება გადაყენება, როცა პროგრამები აურევს, ისე სჭირდება ხელისუფლებასაც, როცა ვერ მუშაობს და აურევს! თუარადა, დროთა განმავლობაში, როგორც კომპიუტერს დაემართება, რომ ერთ დღეს შეიძლება აღარ ჩაირთოს, იგივე შეიძლება მოუვიდეს ქვეყანას, რაც არ უნდა დავუშვათ და ხელისუფლება დროულად უნდა გადავაყენოთ. ეს პროცესი კი ამ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებით უნდა დავიწყოთ!”

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *