ნანა ტოხვაძე: “შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები ქართველი ამომრჩევლის რეალურ ნებას არ ასახავს”

16 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მშვიდობიან, საპროტესტო აქციას აანონსებს. თუ ჩვენს საზოგადოებაში, ჯერ კიდევ ვინმეს დარჩა შეკითხვები, თუ რამ გამოიწვია პროტესტი და რატომ ითვლება საქართველოში გამართული უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად, ერთ-ერთ არგუმენტად შეგვიძლია მოვიშველიოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დამდგარი როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის შედეგები, რათა უფრო ცხადად დავინახოთ ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული რეალური ნება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებულმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა,  გრიგოლ ვაშაძემ ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 2-ჯერ მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, იგი ჩატარდა 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანზე. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სახელისუფლებო პარტიის მიერ ამოქმედებული დაშინების, მოსყიდვის და არჩევნების „მოპარვის“ მასშტაბურმა მცდელობამ ვერ და არ იმუშავა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. შედეგიც თვალნათლივ გამოხატავს მათ  განწყობებს და არჩევნების რეალურ სურათს.

რომ არა „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული ძალადობრივი მეთოდები, საქართველოს ფარგლებშიც ამომრჩევლის ნება ამ პროპორციით განაწილდებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 2018 წლის 28 ნოემბერს, საზღვარგარეთის უბნებზე მისული 9550 ამომრჩევლის მხარდაჭერა ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე – 6135 ხმა
სალომე ზურაბიშვილი – 3415 ხმა.

მიუხედავად საარჩევნო კომისიების დიდი მონდომებისა, ხმის დათვლის პროცედურებისას  გაებათილებინათ ოპოზიციური კანდიდატის ბიულეტენები, გრიგოლ ვაშაძეს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64.25%-მა  გამოუცხადა ნდობა, ხოლო კონკურენტ, სახელისუფლებო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს – 35.75 %-მა.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *