გიორგი ვაშაძე: “ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კლანები და ანკლავები”

“სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”-ს თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით – თუ დღესვე არ შემუშვდება მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ საზოგადოება მიიღებს ისევ “მურუსიძე ორს”, “ჩინჩალაძე ორს”.

“იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს გაიყვანოს იმ კლანის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომელთაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია ეს, მათ მიერ მოსყიდული, მოსამართლეები როგორმე შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და ისინი გახადონ უვადო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი არ დავუშვათ, მაგრამ აქვე გვინდა მივმართოთ საზოგადოებას, რომ თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ ჩვენ მივიღებთ ისევ “მურუსიძე ორს”, “ჩინჩალაძე ორს“, რომლებიც თავზე გადაგვახევენ სასამართლო სისტემას.

ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული, სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ევროპის ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მექანიზმის გამოყენებაზე დღეს საუბარია მოლდოვაში და დადგა დრო, დავიწყოთ ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოშიც. რაში მდგომარეობს ეს მექანიზმი? – იუსტიციის საბჭოსგან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ვინ არიან ეს უცხოელი ექსპერტები? – ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში: გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ამ ადამიანებს წარადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო, მაგალითად, ევროპის საბჭო, ეუთო, სოფლიო ბანკი ან მანივალი, რომლებიც ებრძვიან ფულის გათეთრებას და კორუფციას სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება, ანუ მათ შეუძლით თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ განწესებული. მაგალითად, ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგითი მოსამართლეც კი. ასევე იტყოდნენ მურუსიძეზე, ასევე იტყოდნენ ბევრ იმ ადამიანზე, რომლებმაც კარგად გაგვაცნეს თავი ამ დღეებში. რაც მთავარია, ისინი (უცხოელი ექსპერტები – რედ.) არ იქნებოდნენ მიკერძოებულები, რადგან არ იქნებოდნენ ამ სოციუმიდან, ამ საზოგადოებიდან, საქართველოდან არ იქნებოდნენ.

ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ფუნქცია აქვს სამოქალაქო სექტორს, რაც მაგალითად ეხლა ხდება უკრაინაში. სამოქალაქო სექტორი მუშაობს სწორედ ამ უცხოელ ექსპერტებთან და აწვდის სრულ ინფორმაციას თითოეულ მოსამართლესთან დაკავშირებით. მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ – ასი სამოსამართლე კანდიდატიდან, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი განაცხადი უკრაინაში ანტიკორუფციულ სასამართლოს მოსამართლეობაზე, 49-ზე დადებული აქვს ვეტო უცხოელ ექსპერტთა საბჭოს.

აქვე, მინდა გამოვეხმაურო, იმ მოთხოვნას, რაც დღეს გაჟღერდა უზენაეს სასამართლოსთან. ვუერთდებით ამ მოთხოვნას და მიგვაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, ვინც დღეს წარმოდგენილნი არიან, აქვთ ნულოვანი ნდობა აბსოლუტურად ყველასგან.

რაც შეეხება აღნიშნულ მექანიზმს, ამის შემუშავებაში ჩვენც ვიღებდით უშუალო მონაწილეობას ევროპელებთან ერთად. ვფიქრობ, დადგა დრო, ეს ახალი ევროპული სტანდარტი დაინერგოს საქართველოში და გვქონდეს მოსამართლეების შეჩევის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მექანიზმი, რათა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს კლანები და ანკლავები”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: სააგენტო “პარალელი

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *