გიორგი ხაბურზანია: “ბატონ გიორგი გახარიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი მინისტრი”

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” და “ახალი საქართველოს” წევრი გიორგი ხაბურზანია, გაზრდილი კრიმინოგენული მდგომარეობის ფონზე, მკვეთრად ნეგატიურად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

“ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკის კატასტროფული ზრდაა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რიგ შემთხვევაში იგი გაორმაგებულია და გასამმაგებულიც კი. დღევანდელი შსს-ს ასეთი ცუდი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ამ უწყებაში პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტია ვიდრე პროფესიონალური. როცა სამინისტრო კრიმინალთან შედის გარიგებაში იმის გამო, რომ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი მეორე ტურში გაიყვანოს, რა თქმა უნდა შედეგს ისეთს მიიღებ, როგორც ამ უწყების მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნაჩვენები. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოქმედ შს მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი მინისტრი.

გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს, რაც ცხადად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე:

დანაშაულის საერთო რაოდენობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 19706-ით, მატება +58.08%. საერთოდ კი 2018 წლის 11 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 53637 დანაშაული, მათგან გაიხსნა 18467, რაც შეადგენს 34.43%-ს;

მკვეთრადაა გაზრდილია შემდეგი სახის დანაშაული

  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4918 (100.29%);
  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (190.91%). გასული წლის 11 თვეში – 11 დანაშაული, მიმდინარე წელს – 32;
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1816 (253.63%);
  • 304.42%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის 11 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 407 ფაქტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1646;
  • მაღალია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაც +10131 (81.75%).

მეორე მხრივ, ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებაში შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი

  • მიმდინარე წლის 11 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 22524 დანაშაულიდან გაიხსნა 5452 (24.21%);
  • ბინაში შეღწევით ქურდობის 2227 ფაქტიდან მხოლოდ 289 გაიხსნა (12.98%);
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთის 118 ფაქტიდან გაიხსნა 33 (27.97%);
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 367 ფაქტიდან გაიხსნა 4 (1,09%);
  • ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – შარშან 85.07%, წელს – 65.22%.

დანაშაულის ზრდა ქვეყანას მკვეთრად შეულახავს იმიჯს ტურიზმის მიმართულებით, რომლითაც ასე ძალიან იწონებს თავს  “ქართული ოცნების” ხელისუფლება. კრიმინოგენული მდგომარეობის ასეთი მკვეთრი გაუარესების მიზეზები შეიძლება იყოს არაერთი პრობლემა, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, არაპროფესიონალიზმი მმართველობით რგოლში, კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვა.

აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რადიკალური რეფორმების გატარება ძალოვან უწყებებში, რომ გამოსწორდეს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე და ბევრად უარეს შედეგს მივიღებთ ვიდრე დღეს გვაქვს”.

Comments

comments

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *