ნანა ტოხვაძე: “არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად, მზად ვართ, განათლების მინისტრს გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და შევთავაზოთ თანამშრომლობა”

მ.პ.გ. „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში წარმოდგენილ ცვლილებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში და განსაკუთრებით ზოგადი განათლების საფეხურზე არსებულ მწვავე პრობლემებსა და გამოწვევებს საზოგადოება უკვე მრავალი წელია საკუთარ ჯიბესა და ტყავზე გრძნობს.

სისტემის „ჩავარდნას“ მოწმობს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებში საქართველოს ადგილი, რომელიც ბოლო ათწლეულია არც ერთი პარამეტრით არ გაუმჯობესებულა.

ერთ-ერთი ბოლო კვლევით, რომელიც ორგანიზაცია “Worldatlas”- მა წარმოადგინა, საქართველო მოხვედრილია ყველაზე „ცუდი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყნას შორის, ეკვატორულ გვინეას, კონგოს, ზამბიას,ლიბიას, კამბოჯასა და ზიმბამბესთან ერთად.

ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და ფუნდამენტური რეფორმების  შესახებ ანონსი მინისტრი ბატიაშვილისგან ჯერ კიდევ სექტემბერში, იყალთოს აკადემიიდან მოვისმინეთ. თუმცა, შექმნილი მაღალი მოლოდინის კვალობაზე, 18 იანვარს, განათლების სამინიტრომ სუსტი და გაუმართავი პოზიციები წარმოადგინა სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელმაც კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია საზოგადოებაში ვიდრე სიცხადე შეიტანა, თუ საით მიგვყავს ჩვენი განათლების სისტემა. სამინისტრომ რეფორმების წარდგენა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში შესატანი ცვლილებებით დაიწყო, მაგრამ კვლავ არაფერი თქმულა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • საჯარო სკოლის რეალური დეცენტრალიზაცია.
  • ე.წ. Cat-ის საგამოცდო სისტემის ცვლილება.
  • სასწავლო პროგრამების ადაპტირება თეორიულიდან პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.
  • პოზიტიური გარემოს შექმნა და ჩაგვრის აღმოფხვრა სკოლებში.
  • მასწავლებლის, როგორც ცოდნის მთავარი გადამცემის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვა
  • დაბალკვალიფიციური მასწავლებლის სქემიდან გასვლისა ახალი კადრების შედინების მექანიზმების დანერგვა

ეს კომპონენტები, რაც გადამწყვეტია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების განათლების უზრუნველყოფისთვის, როგორც ჩანს არ შედის სამინისტროს ცვლილებათა დღის წესრიგში. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯების გადაუდგმელად ვერც ერთი რეფორმა ვერ იმუშავებს და კვლავ ერთ დაწყევლილ წრეზე ვიტრიალებთ.

თუ სამინისტროსგან შემოთავაზებულ მასწავლებელთა კრედიტ ქულების დაგროვების სისტემის გაუქმებას გულისხმობენ სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან დაინერგა 2015 წლის თებერვლის მთავრობის დადგენილებით. ბუნდოვანი რჩება, თუ რატომ გაიფლანგა ათეულობით მილიონი ლარი ამ ექსპერიმენტში? ან რატომ აგროვებინეს კრედიტები მასწავლებლებს თუ მიზნობრიობას მკაფიოდ ვერ ხედევადნენ. ფაქტია, რომ ამ სისიტემამ ვერ გაამართლა და სამინისტროს მხრიდან შეცდომის აღიარება წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. თუმცა,  სამწუხაროდ, სამინისტრო ჯერ  კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მექანიზმებსა და კრიტერიუმებში, თუ რის მიხედვით განისაზღვრება პედაგოგთა მაღალი ანაზღაურება და რას ნიშნავს მინისტრისგან წამოჭრილი დეფინიცია – სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული მასწავლებელი.

რაც შეეხება მინისტრ ბატიაშვილის მხრიდან განცხადებამ, დიღმის ტერიტორიაზე „ახალი განათლებისა და მეცნიერების“ ქალაქის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ყველას გაგვახსენა ბ-ნი ჯეჯელავას განცხადებები და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა გახსნილიყო.

მივმართავთ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს და გამოვდივართ ინიციატივით, რომ მზად ვართ მას და მის გუნდს გავაცნოთ ჩვენ მიერ დეტალურად შესწავლილი და შემუშავებული „ახალი თაობის რეფორმების პაკეტი განათლების პოლიტიკის მიმართულებით“. რადგან მომავალი თაობის  აღზრდა-განათლება და წარმატება თანაბრად გვეხება როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, არსებული ჩიხის დასაძლევად, მზად ვართ მათთან ერთად ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ჩვენი ხედვები თუ მიგნებები. ასევე, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ წერილობით მივმართოთ და მოვითხოვოთ მასთან პირადად შეხვედრა.

Comments

comments

You May Also Like

One thought on “ნანა ტოხვაძე: “არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად, მზად ვართ, განათლების მინისტრს გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და შევთავაზოთ თანამშრომლობა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *