საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ხაბურზანიას სასამართლო პროცესი შედგა

209

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრის, გიორგი ხაბურზანიას (და სხვების) მიმართ, რომლებიც 11 ივნისს სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, ასკ 173-ე მუხლით განსაზღვრული ბრალდებით. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ “ახალი საქართველოს” და სხვა პარტიის წევრები, ასევე სახალხო დამცველისა და მედიის წარმომადგენლები. აღნიშნულ საქმეს განიხილავდა მოსამართლე ნინო ყანჩაველი.
დღის პირველ ნახევარში სასამართლოს შენობაში მიყვანილი, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმეების სასამართლო განხილვა დაიწყო რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლო პროცესი გაგრძელდა 7 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. სასამართლო პროცესზე გიორგი ხაბურზანიამ დეტალურად გაიხსენა აქციაზე დაკავების დღეს მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ იგი უსაფუძვლოდ დააკავეს, რადგანაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ სამართალდარღვევას. მას არ დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი და არც სამართალდამცველებისთვის გაუწევია წინააღმდებობა. “ახალი საქართველოს” წევრის ადვოკატის შუამდგომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ხაბურზანიას თავის მობილურ ტელეფონში ვიდეო ფაილის სახით აქვს დაკავების ფაქტები, რომლის მტკიცებულების სახით წარმოდგენა დაეხმარება სასამართლოს, საქმის გადადება მოითხოვა, რაც მოსამართლის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. 13 ივნისის 03:10-ზე მოსამართლემ გამოაცხადა დადგენილება, რომლის თანახმადაც გიორგი ხაბურზანია, სხვა 2 დაკავებულთან ერთად (5 დაკავებულის საქმე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაერთიანდა საპატრულო პოლიციის მხრიდან დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე), ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით შეეფარდა 1000 ლარი, ხოლო გაერთიანებული საქმიდან 2-ს და კიდევ ერთ დაკავებულს – 3-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს როგორც გიორგი ხაბურზანია, ასევე პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”.

კომენტარები