თეონა ჭალიძე დედაქალაქის მერს მიმართავს

210

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე განცხადებით მიმართავს თბილისის მერს, კახა კალაძეს:
“3 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან. იმ დღეებში სახელმწიფოს უსუსურობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არაკოორდინირებული მუშაობა ყველას მძიმედ დაგვამახსოვრდა. სამწუხაროდ, როგორც ნარმანიამ, ისე კალაძემ დღემდე ვერ დააყენა საშველი სტიქიის დროს დაზარალებული ყველა ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას და ზოგიერთი მათგანი დღემდე ქირით ცხოვრობს. მაგალითად ნათელა მნაცაკანიანის რვასულიანი ოჯახი და აზა ჯავოევას ხუთსულიანი ოჯახი. მხოლოდ ამ ორი ოჯახის ქირაში ბიუჯეტიდან 70000 ლარამდე დაიხარჯა და შედეგი რა გვაქვს? ეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახები დღემდე საკუთარი ჭერის გარეშე არიან, ეს ფული კი წყალში გადაყრილია. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ბიუროკრატიული პროცედურები ვერ მოაგვარეს მთელი სამი წელი. ამ ოჯახების წარმომადგენლებს, ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა და უსახსრობა. უკანასკნელი რამდენიმე წელია, მათ დაატარებენ გამგეობიდან მერიაში, მერიიდან საკრებულოში, საკრებულოდან ისევ გამგეობაში და ამ მოჯადოებულ წრეზე სიარულში დააწყვიტეს ნერვები და ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულეს.
მივმართავ კალაძეს, მორჩეს სელფაობას და კამერებთან კეკლუცს! მისცეს ყველა ოჯახს კომპენსაცია, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ დაუბრუნდნენ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები