სიღარიბის გამო მშობლები შვილებს არ უნდა შორდებოდნენ – თეონა ჭალიძე

235

ქვეყანაში არსებულ მწარე რეალობაზე, სიღარიბისა და შიმშილის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე, დედის მძიმე ხვედრსა და ხელისუფლების მხრიდან უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახებისადმი არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს საუბრობს “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის უფროსი თეონა ჭალიძე:

მწარე რეალობაში ვართ. დედები შვილებს ტოვებენ სიღარიბის გამო…

გუშინ გავრცელებულ წერილში, რომელიც დედამ ჩვილ ბავშვთან ერთად დატოვა, ვკითხულობთ ,,არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“.

ეს არის ტრაგედია, როცა სიღარიბის გამო მშობელი შვილს სამუდამოდ ან თუნდაც დროებით შორდება. თუმცა ეს ახალი აღარაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი.

დღესდღეობით მინდობით აღზრდაშია 1525 ბავშვი, საიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ სიღარიბის და ბიოლოგიურ ოჯახებში არასათანადო პირობების გამო არიან გამოყვანილი. სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახებისა თუ მშობლების სახელმწიფოს სერვისების შესახებ ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე. სახალხო დამცველიც, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაც ამახვილებს ამაზე ყურადღებას მაგრამ ამაოდ.

ცნობისთვის, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას ეს ქვეყანა და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და ახალისებდეს შობადობის გაზრდას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით  2014 წლიდან მოყოლებული დღემდე შობადობის კლებადი ტენდენციაა და პერსპექტივაც არაა სახარბიელო. აუცილებელია მარტოხელა მშობლების და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად  მეტი მუშაობა. სიღარიბის გამო მშობლები შვილებს არ უნდა შორდებოდნენ, ამ რეალობაზე პასუხისმგებელი დღევანდელი მთავრობაა“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები