ჰიბრიდული ომი: პარტიის პოლიტიკური განცხადება

141

საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, გააფართოვა არეალი და უკვე მოიცავს, როგორც ტერიტორიის ანექსიას, ისე საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.
სწორედ ჰიბრიდული ომის ნაწილია საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა, იდეოლოგიური ფონის მომზადება ე.წ. “ქართველთა მარშით” თუ სხვა ფსევდოპატრიოტული ღონისძიებებით, პრორუსული პროპაგანდისტული საშუალებების მიერ ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და დეზინფორმაციის გავრცელება.
საგანგაშოა პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების გააქტიურებაც და მათ მიერ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან, რისი ნათელი მაგალითიცაა “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტი მოსკოვში.

რუსეთის მიერ გაჩაღებულ ბრძოლას აქვს შემდეგი მიზნები:
1. დასაყრდენი ჯგუფების შერჩევა, ფორმირება და მათთვის ხელსაყრელი იდეოლოგიური ფონის მომზადება;
2. ამ ჯგუფების გამოყენება სხვადასხვა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური დივერსიებით ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე ზეწოლა;
3. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა, კრიზისების ინსპირირება.
4. მათ მიერ უფრო მეტად კონტროლილებადი ხელისუფლების მოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
5. სახელმწიფოს სრულ მართვასა და კონტროლზე აყვანა, მისი სუვერენიტეტის პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების ჩამოშლა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ, უმოკლეს ვადაში შეისწავლოს საეჭვო მიზნების მქონე პრორუსული იდეოლოგიის ჯგუფების (ორგანიზაციების, გამომცემლობების, ინტერნეტ რესურსების და ა.შ.) დაფინანსების წყაროები, მოახდინოს მათი იდეოლოგიის ლუსტრირება და აღკვეთოს ნებისმიერ ქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”
კომენტარები