Social Media

გამოგვყევი

დეკლარაცია

საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების, მისი დღევანდელი მდგომარეობისა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი, სტრატეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას.
დაუნდობელი რეალობა, რომელსაც საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო და საშინაო პრობლემები ქმნის, გვიჩვენებს, რომ შუალედური და შედარებით რბილი ვარიანტების შესაძლებლობა მინიმალურია და, შესაბამისად, ქვეყნის შემდგომი განვითარება, პრაქტიკულად, ორადორი გზით შეიძლება წავიდეს.
პირველი გზა დღევანდელი, ძველი საქართველოს მოდელით სვლას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ შეძლებს მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და ამოცანების ადეკვატურ დანახვას და შეფასებას, განაგრძობს მოძრაობას დაბალი ენერგეტიკული და პატრიოტული მუხტით, დაქსაქსულობის პირობებში, გამოკვეთილი ზემიზნის გარეშე. განვითარების ამ ვარიანტს მივყავართ მაფიოზურ-ოლიგარქიული ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე. ეს თანამდროვე მსოფლიოს პირობებში ნიშნავს ჩამორჩენილობისა და სიღარიბისთვის განწირულობას, მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე ქვეყანა აღმოჩნდება უსუსურ მდგომარეობაში, რაც გვემუქრება სახელმწიფო და ეროვნული განადგურების კატასტროფით.
მეორე გზა მომავლის, ახალი საქართველოს მოდელით სვლას ნიშნავს. ამ შემთხვევაში საზოგადოება სწორად დაინახავს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, რეალურად შეაფასებს მის წინაშე მდგარ სასიცოცხლო საფრთხეს, შეძლებს სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის სულისკვეთებით ქვეყნის ახალ, მაღალენერგეტიკულ მდგომარეობაში გადაყვანას. ეროვნული ზემიზანი უნდა იყოს ახალი საქართველოს აღმშენებლობა, რომელიც დაიმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის. ეს გზა გულისხმობს ეფექტური სახალხო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ინოვაციური ეკონომიკის აღმშენებლობას, ბიუროკრატიულის ნაცვლად ინტელექტის ხელისუფლების დამკვიდრებას, ქვეყნის მდგრად განვითარებას, კეთილდღეობას და წარმატებას ყველასათვის. ჩვენივე ძალისხმევით, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიტყვა „ქართველი“ გახდეს „წარმატებულის“, „მოწინავეს“ და „გამარჯვებულის“ სინონიმი.
ეროვნული, სამოქალაქო ღირსების გაღვიძება, ახლებურად გააზრებული პატრიოტიზმი, უნდა დაედოს საფუძვლად იმ ახალ კოლექტიურ ძალისხმევას, რომელიც ასე სჭირდება დღეს საქართველოს. პატრიოტიზმი პოზიტიური აღმშენებლობის ანუ ახალი საქართველოს იდეით იკვებებოდეს. სამშობლოს დაცვა და ახალი ტიპის სახელმწიფოს აღმშენებლობა ორგანულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და ასაზრდოებდეს ნამდვილ, სიცოცხლისუნარიან პატრიოტიზმს.
ერის საუკეთესო ნაწილის მობილიზება, პასიური მდგომარებიდან აქტიურში გადაყვანა, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ავანგარდად გადაქცევა და ქვეყნის აღმშენებლობისათვის მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანას.